უკვე შვიდი წელია, რაც “მილენიუმის” ჭერქვეშ პატარა აღსაზრდელები ჟღურტულებენ. სითბოთი და სიყვარულით გასურნელებული გარემო, პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობა ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ფუტკარივით იზიდავს აღსაზრდელებს ჩვენი ბაგა-ბაღისაკენ. ნორჩი თაობის აღზრდა-განათლების საქმეს გამოცდილი პედაგოგები უძღვებიან: ნანა კაპანაძე, მაყვალა დოთიაშვილი, მარინა ქალებაშვილი და მანანა მოდებაძე. მშობლიურ ენასთან ერთად პატარები რუსულ მეტყველებასაც ეუფლებიან, ხოლო მათემატიკა, გარემოს გაცნობა, სახვითი ხელოვნება, სპორტი, პლასტიკა და მუსიკა ძირითადი საპროგრამო საგნებია. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში შეტანილი ცვლილებები ჰუმანისტი პიროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება. ზნეობრივი აღზრდის ტრადიციულ ფორმებთან ერთად პედაგოგები ითვალისწინებენ მიდგომის ასეთ ხერხებს:
• ნათლად განსაზღვრავენ, რას მოითხოვენ ბავშვისაგან, უხსნიან და უსაბუთებენ მათ მოთხოვნებს და არკვევენ, რას ფიქრობს ბავშვი ამის თაობაზე;
• აფასებენ მათ საქციელს და არა პიროვნებას;
• მიუთითებენ ბავშვს შეცდომებზე, აფასებენ მის საქციელს და აკეთებენ პაუზას, რომ ბავშვმა შეიცნოს, გააცნობიეროს მასწავლებლის ნათქვამი;
• არიან მტკიცენი, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანნი;
• ხელიდან არ უშვებენ მომენტს, რომ ბავშვის პირველი წარმატებისთანავე გამოხატონ კმაყოფილება;
• აღსაზრდელს ყოველთვის აგრძნობინებენ, რომ სჯერათ მისი, კარგი აზრისა არიან მასზე, მიუხედავად მისი დაუდევრობისა;
• თითოეული ბავშვი დამოუკიდებელია, ამიტომ არ უკონტროლებენ ყველა ნაბიჯს, მაგრამ ჰყავთ ყურადღების ქვეშ;
• საუბარი ყოველთვის წარიმართება თავაზიანად. მასწავლებლები ყურადღებით უსმენენ აღსაზრდელებს და ცდილობენ, გაიგონ მათი თვალსაზრისი;
აი, რატომ არის “ჯეჯილი” ყველასათვის მისაღები და სასურველი - აქ ხომ ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ბევრი სიხარულია!